სტუ-ში Micro-GEAR პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა: 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია მიკროსერტიფიცირებაზე მუშაობდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის პროექტის Micro-GEAR („საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“) შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა. სამწლიანი პროექტი 2024 წლის იანვარში დაიწყო და მასში 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია მონაწილეობს. სტუ კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ორივე ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპიდან ჩართულნი არიან გერმანიის ზაარლანდის, ესპანეთის მადრიდის კარლოს III-ის და იტალიის რომის ანიელო მერონეს ევროპული უნივერსიტეტები, იტალიის ასოციაცია CIMEA და გერმანიის საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K.
კონფერენცია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ გახსნა. მისი თქმით, Micro-GEAR საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციის, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაა.
ჟვანიამ აღნიშნა: „მიკროსერტიფიკატების დანერგვა თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის პასუხობს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს, ხელს უწყობს უწყვეტი განათლების განვითარებას და ქმნის შესაძლებლობას, ადამიანებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში განაახლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი კომპეტენციები და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია.“
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მიკროსერტიფიკატების, როგორც მოქნილი და კომპეტენციებზე ორიენტირებული მექანიზმის, დანერგვისთვის აუცილებელი ინსტიტუციური, მეთოდოლოგიური და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა. მიკროსერტიფიკატი კონკრეტული სასწავლო კურსის, მოდულის ან მოკლევადიანი პროგრამის დასრულებით მიღწეული ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი დოკუმენტია. ტრადიციული აკადემიური კვალიფიკაციებისგან განსხვავებით, ის შედარებით მცირე მოცულობის, მკაფიოდ განსაზღვრულ სასწავლო შედეგებზეა ორიენტირებული.
პროექტის მენეჯერმა, სტუ-ის კომპიუტერული ქსელის მართვის განყოფილების უფროსმა და ცისკოს აკადემიის კოორდინატორმა, პროფესორმა ზაზა ცირამუამ განაცხადა, რომ პროექტი ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება. მისი თქმით, განხორციელება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების განახლებას, მიკროსერტიფიკატების ხარისხის უზრუნველყოფის, აღიარებისა და დაგროვების საერთო პრინციპების შემუშავებას, ასევე მათი გაცემისა და ურთიერთაღიარების მექანიზმების განვითარებას.
სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორ ქვეყნებში საგანმანათლებლო გარემოს, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მიკროსერტიფიცირების საჭიროებების შესწავლას. პარტნიორები საერთო მიდგომების ჩამოყალიბებასა და უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებაზეც მუშაობდნენ. პროექტი მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას, მიკროსერტიფიკატების აღიარების პრაქტიკის განვითარებას და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენციების გაძლიერებას.
კონფერენციაზე პარტნიორები განიხილავენ ძირითად შედეგებს, მიღწეულ პროგრესს, პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებას და მიკროსერტიფიცირების სისტემის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემუშავებული მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებას, საქართველოსა და სომხეთში მიკროსერტიფიკატების დამკვიდრების პერსპექტივებსა და შედეგების მდგრადობას.











