21-ე სკოლის მშობლები და პედაგოგები: შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა

21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლის შენობის შესახებ გაკეთებული დასკვნის დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება გამოაქვეყნეს. მათივე განცხადებით, ამ შეფასების საფუძველზე ამ ეტაპზე ვერაფრით მტკიცდება, რომ შენობა დემონტაჟს საჭიროებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო შენობის ექსპერტიზას აგრძელებს, თუმცა სკოლის საინიციატივო ჯგუფს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.
დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, გამოიკვეთა 5 ძირითადი საკითხი. პირველი: დაზიანება არ გაზომილა და დასკვნა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა. 2023 წელს იმავე ბიურომ იგივე დაზიანება I ხარისხად შეაფასა და შენობა უსაფრთხოდ ცნო, 2026 წელს კი ის ახსნის გარეშე II–III ხარისხად შეფასდა.
მეორე: IV კატეგორია გამოთვლის გარეშე მიენიჭა. №161 დადგენილება დაზიანებული ნაწილის გამოთვლას მოითხოვს, თუმცა ეს არ გაკეთებულა და დაზიანების III ხარისხი პირდაპირ III კატეგორიად იქცა.
მესამე: გამოყენებულია არასწორი ნორმები. შენობა მსხვილ ბლოკიანია, მისი შეფასებისას კი აგურის შენობისთვის დადგენილი ზღვრები გამოიყენეს. ხუთი შენიშვნიდან ნორმაში საფუძველი მხოლოდ ორს აქვს, ამ ორზე კი 2023 წელს ბიურომ გამაგრება შესთავაზა.
მეოთხე: IV კატეგორიამდე ამაღლება დასაბუთებული არ არის. ეს ნორმა დისკრეციულია და დასკვნა არ შეიცავს გაანგარიშებას, რომელიც მისი გამოყენების აუცილებლობას აჩვენებს.
მეხუთე: გამაგრების ვარიანტი არ განხილულა. IV კატეგორიისთვის დადგენილება დემონტაჟის თანაბარ ვარიანტად გამაგრებას უშვებს, თუმცა გამაგრებისა და ახალი შენობის ღირებულებები არ შედარებულა. დემონტაჟის რეკომენდაციიდან 9 დღეში იმავე ბიურომ შენობის დროებითი გამოყენება დაუშვა და განაცხადა, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში არ არის.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა. ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
15 ოქტომბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ერთი მხრივ მშობლები და პედაგოგები, მეორე მხრივ კი განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან. მშობლების თქმით, სახელმწიფო სამსახურები სასკოლო საზოგადოების კითხვებს პასუხს არ სცემენ. სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ აცნობებენ, თუმცა შეთანხმება იყო, რომ დათვალიერებას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაესწრებოდა.
მშობლები მოითხოვენ შენობაში საერთაშორისო სტანდარტებით დამოუკიდებელი, ინსტრუმენტული სეისმური შეფასების ჩატარებას. მათი მოთხოვნებია ასევე ყველა ექსპერტიზასა და ადგილზე ვიზიტზე მათი ექსპერტის დასწრება, მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ბრძანებების დაუყოვნებლივ მოწოდება და სამუშაო ჯგუფში დასმულ კითხვებზე წერილობითი პასუხი.
განათლების სამინისტროდან მათ დღემდე არ მიუღიათ: გადაწყვეტილება სწავლის შეჩერების, შენობის დემონტაჟისა და მოსწავლეთა სხვა სკოლებში გადანაწილების შესახებ; გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის აღდგენისა და გარე ფასადზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ; გადაწყვეტილება პირველი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ; ინფორმაცია სკოლის ალტერნატიული შენობის მოძიების შესახებ; ინფორმაცია ცხინვალის თეატრის შენობის სკოლისთვის გადაცემის თაობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდისგან კი არ მიუღიათ: გადაწყვეტილება განმეორებითი კომპლექსური ინსტრუმენტული ექსპერტიზისას მათი ექსპერტის ჩართვის შესახებ; სამხარაულის ექსპერტიზისთვის მიწოდებული ტექნიკური დავალება; ინფორმაცია გარე ფასადზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გაწერილი ეტაპების შესახებ; პასუხები 2026 წლის 22 სექტემბერს მიწერილ წერილებზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე №21 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ემუქრებოდა. მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ სამინისტრომ დემონტაჟი 1 წლით გადადო. ახლა კი უწყებამ საკითხი კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში და ექსპერტები სიტუაციის ახლიდან შესაფასებლად მიიწვია.











