პოლიტიკა

პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს: ტონს დაუწიოს და „აგდებული ტონი“ საელჩოში დატოვოს

პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს: ტონს დაუწიოს და „აგდებული ტონი“ საელჩოში დატოვოს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, „რეკომენდაციას აძლევს“, რომ „ტონს დაუწიოს“. მისი გაღიზიანება ელჩის გუშინდელმა პრესკონფერენციამ გამოიწვია, რომელიც 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველოს საკითხს ეხებოდა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა და პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, ტონს დაუწიოს“, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პაპუაშვილი ელჩის პასუხს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დიალოგზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, საჭიროა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება. ჰერჩინსკის განმარტებით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ის შინაარსისგან დააცალა.

პაპუაშვილმა თქვა: „მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, გლობალურ ომის პარტიაზეო, „დიპ სთეითზეო“, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი. მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად?! ამაზე უნდა დიალოგი გვქონდეს, რომ აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ამაზე უნდა დიალოგი? თუ ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულ უბრუნდება, სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი, ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი?“

პაპუაშვილმა ელჩს „ურჩია“, რომ „აგდებული ტონი“ საელჩოში დატოვოს.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ