თბილისის მერია: ე.წ. ცხოველთა დამცველები ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს ემუქრებიან

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცხოველთა დამცველებად წარმოაჩენს თავს, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუშაობას, სიტყვიერად ამცირებს და აბულინგებს თანამშრომლებს, თხრის სამარხებს და საფრთხეს უქმნის როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას. მერიის თქმით, მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.
უწყების განცხადებით, ცხოველთა მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს და არც ექნება. სამარხები, რომლებიც უკანონოდ გადაითხარა და საიდანაც ლეში ამოიყარა, შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად არის განკუთვნილი.
მერია წერს, რომ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში არ წყდება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით. მათივე ინფორმაციით, „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ მონიტორინგის წარმომადგენლების ფოტოებს აქვეყნებენ, მკვლელებს, მწამებლებსა და ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს უწოდებენ და ემუქრებიან არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
უწყება ასევე იხსენებს გადათხრილ სამარხებს, ამოყრილ ლეშს და ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობებს. მერიის შეფასებით, ეს არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.
მერია განმარტავს, რომ ცხოველთა დამარხვა ღამის საათებში ხდება, რადგან დღის განმავლობაში სააგენტოში არაერთი ლეში შემოდის, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევებში დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ლეშს აგროვებენ, ღამით კი ასამარხებენ. მერიის თქმით, ყველა პროცედურა საჯაროა და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია.
განცხადების მიხედვით, ამ სამარხებში იმ ცხოველების ლეშიც არის, რომლებიც იმავე ჯგუფმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანა. მათი ნაწილი დაიხოცა და შემდეგ დასამარხად მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს. სქრინს, რომელსაც, მერიის თქმით, იმის დასტურად ავრცელებენ, რომ სააგენტო ცხოველებს ხოცავს, უწყება „მორიგ ტყუილსა და ცილისწამებას“ უწოდებს. მერია აცხადებს, რომ მონიტორინგი მხოლოდ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციას ამცირებს და ამას სტერილიზაციის გზით აკეთებს.
მერია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, შეისწავლონ საქმე და მას სამართლებრივი რეაგირება მისცენ.











