პოლიტიკა

ზურაბიშვილი ტიმიშოარას ფორუმზე: ეს ქვეყნის მართვა კი არა, ძალაუფლების უზურპაციაა

სალომე ზურაბიშვილი - სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიული კანონებით ანადგურებენ, დამოუკიდებელ მედიას ცენზურით აჩუმებენ, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ეს ქვეყნის მართვა კი არა, ძალაუფლების უზუ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში, ტიმიშოარას ფორუმზე „ევროპული ღირებულებები“ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლებაში მყოფებმა შეაჩერეს. მისი თქმით, გზავნილი მკაფიოა: „არ დავნებდებით! საქართველო ხალხს ეკუთვნის!“

ზურაბიშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებას რეპრესიული კანონებით ანადგურებენ, დამოუკიდებელ მედიას ცენზურით აჩუმებენ, ოპოზიციურ პარტიებს კი აკრძალვით ემუქრებიან. მისივე შეფასებით, ეს ქვეყნის მართვა კი არა, ძალაუფლების უზურპაციაა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ხალხი ბოლო 30 წელია ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით აცხადებს, რომ ევროპა სურს. მისი თქმით, ამ არჩევანს თავისი ფასი აქვს: სტუდენტები, ჟურნალისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ძალადობას, დაკავებასა და ყოველდღიურ რეპრესიას უპირისპირდებიან.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ ჰიბრიდულ კამპანიას აწარმოებს და საქართველო მისთვის საცდელი შემთხვევაა. მისი თქმით, იგივე ბრძოლა ევროპის სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგაც მიმდინარეობს. ის ასახელებს კიბერშეტევებს, საბოტაჟს, დეზინფორმაციას, არჩევნებში ჩარევას, ეკონომიკურ ზეწოლას, კორუფციისა და ოლიგარქების გამოყენებას.

მისი განცხადებით, ევროპაში თავს ახვევენ ნარატივს, თითქოს ევროპა სუვერენიტეტს ხელყოფს, ომზე პასუხისმგებელი დასავლეთია და მშვიდობა მხოლოდ რუსეთს სურს. ზურაბიშვილის შეფასებით, ამით ცდილობენ, რომ საფრთხის ნამდვილი წყარო ვერ დავინახოთ, თავი აღარ დავიცვათ და შევეგუოთ.

მისივე თქმით, პასუხი დემოკრატიული არჩევანის დაცვა უნდა იყოს: მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათთვის, ვინც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვითაა დაკავებული, ყველგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა და ხალხისადმი ერთგულება.

ზურაბიშვილმა დასძინა: „უნდა გავერთიანდეთ სოლიდარობით და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება“. განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ