სტუ-ში გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 32 სამეცნიერო თემა განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ღონისძიებაზე იყვნენ სტუდენტები და მოწვეული სტუმრებიც.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნისას განაცხადა, რომ გაქრისტიანების 1700 წლისთავი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მისი თქმით, ეს თარიღი შესაძლებლობას იძლევა, გაიაზრონ ფასეულობები, რომლებმაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული კულტურისა და საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარება.
გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი პასუხისმგებელია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიური და სამეცნიერო გამოწვევების კვლევაზე, არამედ ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებასა და პოპულარიზაციაზეც. რექტორმა აღნიშნა, რომ ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ უნდა განიხილებოდეს.
მისივე თქმით, გაქრისტიანების 1700 წლისთავის აღნიშვნა მხოლოდ საიუბილეო ღონისძიებებით არ უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა გახდეს საფუძველი ახალი სამეცნიერო კვლევებისთვის, ისტორიული წყაროების სიღრმისეული შესწავლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სასულიერო პირებიც მიმართეს. მათ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებული მუშაობა და ნაყოფიერი დისკუსიები უსურვეს.
სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კონფერენცია მიზნად ისახავს გაქრისტიანების ისტორიული, რელიგიური, კულტურული, ფილოსოფიური და ცივილიზაციური მნიშვნელობის მეცნიერულ გააზრებას, ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის მრავალმხრივ შესწავლასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
მისი თქმით, ქრისტიანობის გავრცელებამ და მის საფუძველზე განვითარებულმა კულტურულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ კავშირებში ბიზანტიურ, ევროპულ და ახლოაღმოსავლურ ცივილიზაციებთან.
კონფერენცია სამ სექციად წარიმართა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა 32 სამეცნიერო თემა განიხილეს.











