ზურაბიშვილი: ქართული საზოგადოების დასჯა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არ უნდა დაისაჯოს, რადგან ეს რუსეთისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომელიც არც ევროპას და არც რუსეთს წარმოუდგენია. მან ეს „ფეისბუკ-ლაივში“ თქვა, კითხვა-პასუხის ფორმატში, ევროკომისიის ანგარიშის კონტექსტში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
ზურაბიშვილის თქმით, არ ელოდება, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას გააუქმებს. „მე არ მგონია [საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს]. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი გზავნილი ყველა ევროპულ ფორუმში და ყველა შეხვედრაზე არის ის, რომ არ შეიძლება, საქართველოს მოსახლეობა დაისაჯოს იმისთვის, რაც არ არის მისი გადაწყვეტილება და მისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და თუ მაინც და მაინც ვინმე უნდა დაისაჯოს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები არიან, რათა ვერ იარონ საშოპინგოდ ევროპაში თავისუფლად“, - განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ დასჯა იქნება „ჩვენი სრული იზოლაცია და ჩაკეტვა იმ სივრცეში, საიდანაც გამოვედით“. მისი სიტყვით, ის „ბოლო ძალებით“ არ მისცემს ევროკავშირს და არავის უფლებას, ასეთი პოზიცია დაიჭიროს, თითქოს საქართველო ღირსია, ვიზალიბერალიზაცია შეუწყვიტონ, თუნდაც ხელისუფლებისთვის გზავნილის მიზნით.
„ძალიან კარგად იციან, ეს ხელისუფლება სად და ვისთვის დგას, არ სჭირდება მას ახალი გზავნილები, ჩვენს მოსახლეობას კი ასეთი ტიპის დასჯა არ სჭირდება. მე არ მგონია, რომ ეს გველოდებოდეს და გვემუქრებოდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.











