ლემონჯავა: „დროას“ აკრძალვა კრემლის დემონსტრაციული ნაბიჯია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინ

პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ გამოეხმაურა რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლითაც „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. მისი შეფასებით, ეს დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც შეგნებულად უსწრებს წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ლემონჯავას თქმით, ამით ხაზგასმულია, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა.
ლემონჯავა სოციალურ ქსელში წერს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის“ კონსტიტუციური სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ რუსეთის „ეფესბეშია“ დაწერილი. მისი თქმით, სარჩელი არა მხოლოდ პროდასავლური პარტიების გაუქმებას გულისხმობს, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განადგურების შესახებ განაცხადსაც შეიცავს. ლემონჯავას მტკიცებით, ის ციტატების დონეზე იმეორებს რუსეთის დოქტრინას „ახალი რეალობების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. მისივე თქმით, ამის მოსმენა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ უნდოდა, თუმცა „ფაქტები ყვირის“ და მათი მიჩქმალვა შეუძლებელია.
ლემონჯავა წერს: „„ქართული ოცნების“ ყველა „დეპუტატი“, რომელმაც ხელი მოაწერა კონსტიტუციურ სარჩელს, რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებსაც დიდი ალბათობით უკვე მზად აქვთ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რუსეთის გეგმას აწერენ ხელს“.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტიის საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო გამოცხადდა „არასასურველად“.
სტატიაში მოხსენიებული პირები











