პოლიტიკა

ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ სურვილს გააფორმებს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს

ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სურვილს გააფორმებს, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს. განცხადება მან „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პარტიების აკრძალვის პროცესი განიხილეს.

ჯაფარიძის თქმით, ყველა ერთად უნდა შეეცადოს, რომ „თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს“.

მისივე განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო, საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოესმინათ მათი შეხედულებები წინა კვირას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

ჯაფარიძემ თქვა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებსა და მათ შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ ეს პროცესი მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი შეფასებით, ეს დასავლური, თავისუფალი სამყაროს და იმ პარტიების წინააღმდეგ მიმართული პროცესია, რომლებსაც სურთ საქართველო ევროპულ ოჯახში ნახონ. ის საზოგადოების იმ დიდი ნაწილის წინააღმდეგაცაა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს სუვერენული, ძლიერი და კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო.

ჯაფარიძის თქმით, პროცესის შედეგები ქვეყნისთვის უკვე უზარმაზარი უარყოფითი ძალისაა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შეტანილ სარჩელს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ