შსს-მ ძაღლების სამარხებზე გავრცელებული კადრების გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
დღეს, 18:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დამნაშავეების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრების დაწყებას ითხოვენ.
31 ოქტომბერს „ტვ პირველმა“ მასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ისინი ნეშტების ექსპერტიზასაც ითხოვდნენ, რათა ცხოველების სიკვდილის მიზეზები დადგინდეს.
თბილისის მერიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, „თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“.
მერიის ცნობით, ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც კანონმდებლობით სრულად არის დაშვებული. სამარხი თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლადაა განკუთვნილი, მათ შორის დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად დაღუპულებისა. მერია აცხადებს, რომ დედაქალაქში წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.











