მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა. შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.
შსს-ს განმარტებით, კონტროლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით იმყოფებოდნენ.
დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებულნი. მათი საქართველოდან გაძევების პროცედურა მიმდინარეობს.











