მარია რესამ ახალ წიგნში მზია ამაღლობელის საქმე დიქტატორებთან დაპირისპირების მაგალითად მოიყვანა

ნობელიანტი ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ახალ წიგნში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ამბავი მოხვდა. წიგნი „შეწინააღმდეგება: მოქალაქის გზამკვლევი დიქტატორებთან დასაპირისპირებლად“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.
რესა წერს, რომ ჟურნალისტები ყოველთვის პირველები ხდებიან თავდასხმის სამიზნე, და ერთ-ერთ მაგალითად ამაღლობელის საქმეს ასახელებს. ის ციტირებს კლუნების ფონდის TrialWatch-ს, რომლის თანახმადაც „სასამართლო პროცესი იყო ფარსი“.
„მზიას არ შეეძლო სასამართლო დარბაზში თავისუფლად ლაპარაკი. სისტემა შექმნილი იყო მის გასაჩუმებლად. იგი შუშის კაბინაში იყო გამოკეტილი, რაც უზღუდავდა საკუთარ ადვოკატებთან საუბრისა და საკუთარ თავდაცვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამიტომ მან წიგნი აღმართა. ჩემი წიგნი „როგორ აღვუდგეთ წინ დიქტატორს“. ქართული თარგმანი. ეს ფოტოსურათი — მზია შუშის კაბინაში, რომელსაც წიგნი ყდით კამერისკენ უჭირავს — ერთ ღამეში იქცა სიმბოლოდ. სასამართლო დარბაზის გარეთ, ქართველი მომიტინგეები თბილისის ქუჩებში ამ წიგნის ეგზემპლარებით დადიოდნენ. შიგნით კი ქალი, რომელმაც ოცდახუთი წელი თავისი ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი მედიასაშუალების შექმნას მიუძღვნა, თავის დასაცავად ერთადერთ დარჩენილ იარაღს იყენებდა: სხვის სიტყვებს, რადგან სახელმწიფომ მას საკუთარი სიტყვები წაართვა“, — წერს მარია რესა.
მისი თქმით, ამ ფოტოს ნახვის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და გაოცებული იყო პროტესტის შეუპოვრობით.
რესა ამაღლობელის შესახებ წერს: „მზია ამაღლობელს დამოუკიდებლობის დიდი ისტორია აქვს. იგი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია — ონლაინგამოცემების, რომლებმაც საქართველოში ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს გაუძლეს და თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამხელდნენ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“. მისივე თქმით, ამაღლობელი შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში დაიბადა, ახალგაზრდობაში სამი ძმიდან ერთ-ერთი დაეღუპა, მოგვიანებით კი მან საკუთარ თავზე აიღო ძმისშვილებისა და მათი შვილების ფინანსური რჩენა. ოცდასამი წლის ასაკში ორ მეგობართან ერთად შექმნა „ბათუმელები“, რათა საბჭოური სტილის პროპაგანდის პერიოდში წინ აღდგომოდა ძალაუფლებას. 2003 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ბათუმელები“ დახურა, რამაც აიძულა ისინი, კომპანია თბილისში გადაეტანათ.
რესა ამბობს, რომ მისი გამოცემის, Rappler-ის თანადამფუძნებლების მსგავსად, ამაღლობელსა და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლებსაც გამოვლილი ჰქონდათ დაშინებები და დაკავებები.
წიგნში აღწერილია, რომ როცა თანადამფუძნებელმა ეთერ თურაძემ დაინახა, როგორ გააწნა ამაღლობელმა სილა პოლიციის უფროსს, თქვა, რომ შოკირებული იყო, რადგან ეს საქციელი მისთვის სრულიად უჩვეულო იყო: „ის ძალიან თავდაჭერილი ადამიანია“. ამაღლობელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო, რომელიც 38 დღე გაგრძელდა. მისი მხედველობა მკვეთრად გაუარესდა: დღეს ერთი თვალით მხოლოდ 10%-ს ხედავს, მეორით კი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს.
2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკემბერში ევროპარლამენტმა მას სახაროვის პრემია მიანიჭა აზრის თავისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. წიგნის თანახმად, იგი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პირველი დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტია. ციხიდან მან დაწერა: „თავისუფლება სიცოცხლეზე ბევრად ძვირფასია და ის სასწორზე დევს. იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“.











