განათლების სამინისტრო ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის დემონტაჟის გეგმას ვერ ადასტურებს

საქართველოს განათლების სამინისტრო ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა შენობის დემონტაჟი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არ არის, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ აუცილებელი იქნება თუ არა მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა. მათივე თქმით, სავარაუდოდ, ამ თემაზე შეხვედრა გაიმართება და საკითხს განიხილავენ.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სკოლამ დიდი ხნის წინ იცოდა, რომ შენობა სარემონტოა და საჭიროა ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს, რა სამუშაოებია ჩასატარებელი. სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნა სკოლას ახლა მიუვიდა. სკოლისთვის ასევე ცნობილია, რომ ალტერნატიულ შენობაზე მუშაობენ.
„ალტერნატიული ფართი მოძიებულია მათთვის, რემონტდება და მზადდება, თუმცა აქ საუბარია დროებით [შენობაზე]. თუმცა ამბავს ვერ გიდასტურებთ, ალბათ, შეხვედრა გაიმართება და უნდა განიხილონ, არის თუ არა აუცილებელი და თუ გამოჰყავთ, ეს დეტალები ჯერ [ცნობილი არ არის]. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გიდასტურებთ“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თუ ექსპერტიზა ცალსახად დაადგენს, რომ შენობა უნდა დატოვონ, ადამიანების გამოყვანა მოუწევთ. მათივე თქმით, 21-ე სკოლის შემთხვევაშიც ცნობილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა შემდეგ გარემოებები დაზუსტდა, შენობას დროებითი გამაგრება ჩაუტარდა და სწავლა იმავე შენობაში გრძელდება.











