მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს, 8 ნოემბერს გამეორებას გეგმავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ფაქტზე შესაბამისად არ zareagebs, აქცია 8 ნოემბერსაც გაიმართება.
„სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით, რომ აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი იმედი გამოძიების მე არა მაქვს. მოვითხოვ მონიტორინგის სამსახურის უფროსის არაგველის დაპატიმრებას. თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენ მომავალ კვირას იგივე დროს შევიკრიბებით“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
31 ოქტომბერს „ტვ პირველმა“ მასალა გაავრცელა, რომელშიც ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები ჩანს. ამის შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა სოციალურ ქსელებში პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ისინი ნეშტების ექსპერტიზას ითხოვდნენ, რათა ცხოველების სიკვდილის მიზეზები დადგინდეს.
თბილისის მერიამ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, „თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“. მერიის ინფორმაციით, ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც კანონმდებლობით სრულად არის დაშვებული. სამარხი თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლადაა განკუთვნილი, მათ შორის დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად დაღუპულებისა. დედაქალაქის მასშტაბით წელიწადში ევთანაზიით ასობით, ბუნებრივი სიკვდილით კი ათასობით ცხოველი იღუპება.











