საზოგადოება

ცხოველთა დამცველები პროკურატურას ველის სასაფლაოზე ძაღლების დამარხვის გამოძიებას სთხოვენ

ცხოველთა დამცველები პროკურატურას ველის სასაფლაოზე ძაღლების დამარხვის გამოძიებას სთხოვენ

ცხოველთა დამცველები პეტიციას ავრცელებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, დაიწყოს გამოძიება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში ჩანს, სავარაუდოდ, როგორ მარხავენ ძაღლებს ველის სასაფლაოზე.

პეტიციის თანახმად, კადრებში ღამით, ფარულად, სპეციალურად მოწყობილ ორმოში, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ძაღლების ნეშტებს მარხავენ. ცხოველთა დამცველები და მოყვარულები ასევე საუბრობენ მათ მზრუნველობაში მყოფი ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შემთხვევებზე ქვეყნის მასშტაბით.

კადრებში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო. პეტიციის ავტორების თქმით, ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ.

ისინი პროკურატურისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლო ქურდობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა და ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბება ან დამალვა.

პეტიციით, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს ორმოს დათვალიერება, ყველა ნეშტის ამოღება, რაოდენობის დაფიქსირება და ინდივიდუალური აღრიცხვა. მოთხოვნილია ნეშტების დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზა სიკვდილის სავარაუდო მიზეზის, დროისა და შესაძლო დაზიანებების დასადგენად, ასევე მიკროჩიპების, საყელოებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმება.

მოთხოვნებში შედის ქვეყნის მასშტაბით დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების მოძიება და მათი შედარება აღმოჩენილი ნეშტების მონაცემებთან. ასევე უნდა შემოწმდეს თითოეული ცხოველის ევთანაზიის ან სიკვდილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვეტერინარული ჩანაწერები, აქტები და ანგარიშები.

პეტიციის ავტორები ითხოვენ ევთანაზიისთვის გამოყენებული პრეპარატების შესყიდვის, გამოყენებისა და ჩამოწერის დოკუმენტების შედარებას ოფიციალურად აღრიცხული ევთანაზიისა და სიკვდილის შემთხვევების რაოდენობასთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ნეშტების დამარხვის განკარგულება, ვინ გადაიტანა და დამარხა ისინი, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით.

ასევე უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა დაკრძალვის ადგილი, ორმოს მოწყობა, ნეშტების განთავსება და განადგურების მეთოდი კანონმდებლობას, მათ შორის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონს. ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ცხოველთა სიკვდილიანობისა და ევთანაზიის მონაცემები პირველადი დოკუმენტებით უნდა გადამოწმდეს.

განცხადებაში წერია: „მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას, ყველა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პასუხისმგებელი პირების კანონით დადგენილი წესით დასჯას“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ