ელისაშვილის ადვოკატები გენპროკურორს ოჯახთან კონტაქტის შეზღუდვის მოხსნას სთხოვენ

ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს წერილობით მიმართეს. მათ მოითხოვეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრების მსგავსი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს.
ადვოკატების თქმით, ცოტა ხნის წინ მათ დადგენილება ჩაიბარეს, რომლის მიხედვითაც ელისაშვილს კვლავ ეზღუდება ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეხვედრის უფლება. უფლებადამცველები ამ შეზღუდვებს უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ისინი „ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ დევნას“.
ადვოკატების ინფორმაციით, მომხდარიდან ერთი წლის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას ოჯახის საკუთრებაში არსებული ტექნიკა დღემდე არ დაუბრუნებია, თუმცა „განაჩენი დამდგარია და ტექნიკა დამატებით შესწავლას არ საჭიროებს“.
ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ელისაშვილს გარე სამყაროსთან კავშირი აქვს შეზღუდული, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. მისი თქმით, გენერალურ პროკურორსაც მიმართავენ, რომ საკითხი გამოარკვიოს და დაასრულოს უკანონობა, რომელიც მსჯავრდებულის მიმართ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება.
ჩოფიკაშვილის თქმით, ელისაშვილს ჩამორთმეული აქვს ელემენტარული უფლებები, რაც ყველა პატიმარს გარანტირებული აქვს, მათ შორის ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაცია. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების მიერ ამოღებული კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა ნივთები, რომლებიც ელისაშვილის ოჯახის წევრებს ეკუთვნით, დღემდე არ დაუბრუნებიათ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ გამოსაძიებელ საქმესა და კონკრეტულ მსჯავრდებასთან კავშირი არ აქვთ.
ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების მიზანი ელისაშვილის დასჯაა მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ამ საქმეში „მდინარაძის ფაქტორიც არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი“.
სტატიაში მოხსენიებული პირები











