საია: დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებები ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ 2026 წლის ოქტომბერში გავრცელებული ბრალდებები პატიმარ გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის, ასევე მის და სხვა პირების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ეფექტიან, დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. ორგანიზაციამ პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ ვრცელი შეფასება გამოაქვეყნა.
საიას თქმით, ჩატარებული გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს აძლიერებს ბოლო წლებში სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გახმაურებული შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუარესება.
ორგანიზაციის შეფასებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა თავისთავად არ იძლევა სექსუალური ძალადობის ფაქტის გამორიცხვის შესაძლებლობას. საია განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს მაღალი თანამდებობის პირების წინასწარ და კატეგორიულ განცხადებებს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე შეფასებით, მიმდინარე გამოძიების დროს გაკეთებული ეს განცხადებები და მათ შემდეგ მალევე გამოძიების დასრულება საზოგადოებაში დამატებით კითხვებს და საფუძვლიან ეჭვს აჩენს გამოძიების მიუკერძოებლობასა და სანდოობაზე.
საია ამბობს, რომ დავითაძის საქმის ობიექტური დოკუმენტირებისა და შეფასების მიზნით მონაცემებს ფაქტის გახმაურებიდან პირველივე დღეებში აგროვებდა. მეთოდოლოგია ეფუძნებოდა ინფორმაციის ღია წყაროებთან მუშაობის ეთიკურ პრინციპებს „ბერკლის პროტოკოლის“ შესაბამისად, ასევე „სტამბოლის პროტოკოლს“ — წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოს.
ფაქტის დოკუმენტირების მიზნით საია 7 ოქტომბერს უშუალოდ შეხვდა დავითაძეს. მანამდე, 6 ოქტომბერს, საიას ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა საბა სხვიტარიძესაც, რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია წამების სხვა საქმეზე იცავს. საიას ადვოკატი დავითაძის მოსანახულებლად 12 ოქტომბერსაც იმყოფებოდა.
საიას შეფასებით, საგანგაშოა, რომ 7 ოქტომბერს დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ დაწესებულების დატოვებისას ადვოკატს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს. ორგანიზაცია ამას საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს.
საია ასევე მიუთითებს, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არაერთმა პატიმარმა გაავრცელა ინფორმაცია მათ მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ. ბრალდებათა ნაწილი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო სხვა პატიმრების დასჯას ეხება, ნაწილი კი ძალადობის ისეთ შემთხვევებს აღწერს, რომლებიც დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის ინციდენტთან კავშირში არ არის.











