სამართალი

დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

„ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი და რედაქტორი დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდება. ჩუბინიძეს საბოტაჟსა და ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს და მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გათავისუფლების შემდეგ ჩუბინიძემ განაცხადა: „მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემი სიმართლით გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მედგა გვერდით. და ეტყობა, ამ ყველაფერმა, ერთობლიობაში, დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.“ მისივე თქმით, გარიგებაზე ან საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდოდა, ეს გამორიცხული იყო, და საქმე სტრასბურგში წავა.

ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამბობს: „ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც მიიღო ეს უკანონო ბრალდება. ეს ბრალდება უნდა გაუქმდეს. ყველა ჟურნალისტი არის დარტყმის ქვეშ.“ ადვოკატის განმარტებით, მტკიცებულებებად გასაიდუმლოებული დოკუმენტი კი არა, ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს.

ჟურნალისტს ედავებიან საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის საბოტაჟსა და სამშობლოს ღალატს. პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა. პროკურატურის მტკიცებით, ამ ამბის სარწმუნოდ წარმოსაჩენად ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას.

ჩუბინიძის დაკავება შურისძიებად შეაფასა „ასავალ-დასავლის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა და ხელისუფლებას მოუწოდა, ისიც დააკავონ. მისი თქმით, ჟურნალისტს ბრალი იმის გამო წაუყენეს, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიებზე კითხვები დასვა და ინტერვიუ ჩაწერა ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელმაც მთავრობა მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ