სამართალი

ფეიქრიშვილის დედა და ყოფილი მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა და ყოფილი მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა ნინო აბრამიშვილი და ყოფილი მეუღლე ანო ანანიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ.

ანო ანანიაშვილის განცხადებით, მათ სავარაუდოდ იმ ფაქტის გამო დაიბარეს, „რა ფაქტიც მოხდა გლდანის ციხეში“. მისივე თქმით, ოჯახი მოითხოვს, რომ გლდანის ციხის უფროსს, რამაზ ფირცხალავას თანამდებობა დაატოვებინონ.

„არ ვიცი, რა ინფორმაცია სჭირდებათ და რისთვის დაგვიბარეს, მაგრამ ცხადია, რომ ახლა პროკურატურაში ვართ, დაკითხვაზე შევდივართ მე და დათო ფეიქრიშვილის დედა სავარაუდოდ იმ ფაქტზე, რა ფაქტიც მოხდა გლდანის ციხეში. ეს არის ცემის ფაქტი. არ არის დაჭერილი არცერთი ადამიანი, ის ადამიანები, ვინც ეს განახორციელა. არცერთი ადვოკატი ხმას არ იღებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. არც გლდანის ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა არ არის გადამდგარი. მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ პატარიძე გადადგა. ჩვენ, ოჯახის წევრები ვითხოვთ, რომ აუცილებელია მინიმუმ დაატოვებინონ და მაქსიმუმ დაიჭირონ, რადგან მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოში. ჩვენ ამას მოვითხოვთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ანო ანანიაშვილმა.

ფეიქრიშვილის ადვოკატი პაატა გოგიაშვილი ამბობს, რომ გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება. „ველოდებით და ეჭვი არ გვეპარება გამოძიების ობიექტურობაში. ველოდებით, რომ კვალიფიკაციები დამძიმდება და გაფართოვდება დამნაშავეთა წრე. ვინც პირდაპირ და არაპირდაპირ არის საქმეში ყველა პირი უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა მან.

დავით ფეიქრიშვილის თქმით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადეს. პენიტენციური სამსახური თავდაპირველად ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის დღემდე მკურნალობს.

გამოძიება თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, შემდეგ კი საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, რის შემდეგაც პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მის პოსტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ