სამართალი

ყალბი პროფილებით მამაკაცებს ხვდებოდნენ და ჯგუფურად თავს ესხმოდნენ — 7 პირი დააკავეს

ყალბი პროფილებით მამაკაცებს ხვდებოდნენ და ჯგუფურად თავს ესხმოდნენ — 7 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქალების სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის მიზნით შეხვედრას უნიშნავდნენ. ადგილზე მისულ პირებს ჯგუფურად თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა. მისი წევრებთან ერთად მან წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა. შეხვედრებს წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ნიშნავდნენ.

ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ ფულსა და პირად ნივთებს.

დაჯგუფების წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, ვიდეომასალას სოციალური ქსელით ავრცელებდნენ და ამავე პირებს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.

ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ