სამართალი

ჩიკვაიძის ადვოკატი: 6-7 მარტს მისი ნომერი თბილისის ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოსთან

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საქმეში გამოვლინდა ახალი მტკიცებულება, რომელიც „პირდაპირ ეწინააღმდეგება მისი დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოყენებულ ინფორმაციას“

გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულის საქმეში ახალი მტკიცებულება მოიპოვეს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მისი დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოყენებულ ინფორმაციას. ჩიკვაიძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში არის მსჯავრდებული.

ადვოკატის თქმით, 2025 წლის 11 მარტს ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალა. ამის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად სასამართლოს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკი წარუდგინეს. პატაკის მიხედვით, „თითქოს 2025 წლის 6 მარტს, გვიან ღამით - 7 მარტის გამთენიისას, გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა“. ამ ფაქტზე ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ ცალკე გამოძიება დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანომ მათგან 21 800 აშშ დოლარი, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილი და მობილური ტელეფონი ამოიღო.

მიგინეიშვილის განმარტებით, დაცვის პოზიციით, ამ ტელეფონში საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, მათ შორის მასალა, რომელსაც ჩიკვაიძის პოზიციის დადასტურება შეეძლო. საქმეში ჩართვის შემდეგ დაცვამ კერძო გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ტელეფონის საბაზო სადგურებთან და ანძებთან დაკავშირების ოფიციალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ.

ადვოკატის თქმით, მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ჩიკვაიძე და პაპიაშვილი თბილისში ისეთ ადგილებში გადაადგილდებოდნენ, სადაც მათი გადაადგილების გადამოწმება არაერთი ვიდეოკამერითაც არის შესაძლებელი.

დაცვამ ეს მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოს უკვე წარუდგინა. ადვოკატი ითხოვს მათ სისხლის სამართლის საქმეზე დართვას, სრულყოფილ შეფასებას და ჩიკვაიძისა და პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტას. მისივე ინფორმაციით, ახალი გარემოებები შესაბამისი წესით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიეწოდება, სადაც უკვე წარმოებაშია ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქმეზე მოპოვებულ დამატებით მტკიცებულებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნეს. ჩიკვაიძეს 9 წლით, პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ