სამხრეთ აფრიკამ ხუთი ბაობაბის საქართველოში გატანაზე აპელაციაც არ დააკმაყოფილა

სამხრეთ აფრიკის ტყის, თევზჭერისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა დეპარტამენტმა (DFFE) ექსპორტიორი კომპანიის „Divine Landscapes“-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ხუთი გიგანტური ბაობაბის საქართველოში ექსპორტზე უარი საბოლოოდ დაადასტურა. უწყების განცხადებით, ხუთი ასწლოვანი ხე, რომლებიც სამი თვეა დურბანში, ავტოსადგომზე დგას, შესაბამისი ნებართვების გარეშე იყო ამოღებული ნიადაგიდან და მათი ქვეყნიდან გატანა უკანონოა.
ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი კორნე მარესი იმას, თუ ვისთვის იგზავნებოდა ხეები, არ აკონკრეტებს. DFFE-ს ოფიციალური განცხადებით კი, გაჩერებული ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილად საქართველო იყო მითითებული.
სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick ვარაუდობს, რომ ბაობაბების საბოლოო მყიდველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. გამოცემა ამას რამდენიმე ირიბ გარემოებას უკავშირებს: მის მიერ დაფუძნებულ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან ჩატანილი რვა ბაობაბი ცოტა ხნის წინ გახმა, რაც ვიზიტორების მიერ Google Maps-ზე ატვირთული ფოტოებითაც დასტურდება. სავარაუდოდ, დაიწყო მათი ახალი, სამხრეთაფრიკული ეგზემპლარებით ჩანაცვლების მცდელობა. Daily Maverick-ის ვარაუდით, ივანიშვილის გარდა საქართველოში არ არსებობს სხვა კერძო პირი, რომელსაც მსგავსი მასშტაბისა და ფინანსური რესურსის ბოტანიკური ინტერესები აქვს. გამოცემამ ივანიშვილის მხარესთან დაკავშირება და კომენტარის მიღება სცადა, მათ შორის ადვოკატისა და საელჩოს გავლით, თუმცა ვერ შეძლო.
მარესის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ხეები კერძო მფლობელებისგან კანონიერად შეიძინეს და ველური ბუნებიდან არ ამოუთხრიათ, თუმცა საბოლოო დამკვეთის ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობენ. ექსპერტების თქმით, დურბანის პორტთან ასფალტზე ჰორიზონტალურად დაწოლილი ბაობაბები, თუ მათ დაუყოვნებლივ არ ჩარგავენ ნიადაგში, უახლოეს ხანში დაიღუპებიან.
შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩამოტანილი და 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბი 2024 წლის აგვისტოში გახმა. პარკის ადმინისტრაციამ მცენარეების დაღუპვა პოლიტიკურ ოპონენტებს დააბრალა.
ბაობაბები ივანიშვილმა კენიიდან ჩამოიტანა. The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ რვა ხე ადგილობრივმა ფერმერებმა კერძო მიწებიდან $800-დან $2400-მდე ფასად გაყიდეს. კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გააუქმა ლიცენზია, რომლითაც უცხოურ კომპანიას რვა ბაობაბის ამოთხრა და საქართველოში წაღება უნდა შეძლებოდა. გადაწყვეტილება მოჰყვა პრეზიდენტის მოთხოვნას სამინისტროსადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ხეების ამოთხრის პროცესი. სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ხეები ექსპორტზე არ უნდა გასულიყო, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და საერთაშორისო დოკუმენტებთან, ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ, ჰარმონიაში არ მოვიდოდა.
კენიის პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ხეების გაყიდვისას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. გარემოს დამცველები ექსპორტს „ბიომეკობრეობას“ უწოდებდნენ. 2023 წლის თებერვალში კენიის მთავრობამ საკამათო ექსპორტის ნებართვა საბოლოოდ გასცა.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მოწყობა ივანიშვილის ინიციატივით 2016 წელს დაიწყო, საზოგადოებისთვის კი 2020 წლის ივლისში გაიხსნა.











