პოლიტიკა

სიჭინავა საკონსტიტუციოში: ჩორჩანაზე საგუშაგოს გამო ვინმეს კითხვა სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა

ბერდია სიჭინავა - სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა, რომ ჩორჩანაზე ვინმეს უნდა ვკითხოთ, საპოლიციო საგუშაგოს განვათავსებთ, თუ არა! როგორც პროკურატურა არ ჩასულა ჩორჩანაში, ისე არ მგონია, რომელიმე ეს ბატონი, რ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა იმის მოლოდინი, რომ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებაზე ვინმეს უნდა ვკითხოთ, მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 22%-მდე ოკუპირებულია.

მისი თქმით, როგორც პროკურატურა არ ჩასულა სოფელ ჩორჩანაში, ისე არ სჯერა, რომ ის პირები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში ჩორჩანაზე წერენ, იქ ნამყოფი იყვნენ.

სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელში მითითებული ნორმით რუსეთის, როგორც აგრესორის, როლი მსუბუქდება და გადააზრდება. მან პლენუმს სთხოვა, ჩორჩანის ნაწილში შეაფასოს სარჩელში მითითებული ქმედება და აღნიშნა, რომ სხვაგვარმა გადაწყვეტილებამ შეიძლება პირდაპირ დაანგრიოს ქვეყნის სუვერენიტეტი.

„რუსეთი, 2008 წლის შემდეგ აღიარებულია აგრესორ სახელმწიფოდ, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, იქ ეფექტური კონტროლის განხორციელებაზე“, - თქვა სიჭინავამ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო, რომელსაც, სიჭინავას განცხადებით, ადგილობრივი KGB მართავს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ აცხადებს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს გატანაა. სიჭინავას თქმით, ქართული მხარის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სუს-ი ესწრება, ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა პრეტენზიები წამოაყენა საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა. მისივე თქმით, კოჩიევი პირდაპირ ამბობს, რომ მიესალმება გახარიას მიმართ დევნის დაწყებას, ანალოგიური ვითარებაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც.

სიჭინავამ აღნიშნა, რომ საქმის არსებით განხილვას არ შეეხება და სასამართლოს მხოლოდ სარჩელში მითითებული ქმედების შეფასებას სთხოვს.

მან დაამატა, რომ პირადად რამდენჯერმე ყოფილა ჩორჩანაში და სოფლის მცხოვრებლები პირდაპირ ამბობენ, რომ საპოლიციო საგუშაგოს გარეშე სოფელი დღეს ოკუპირებული და დაცლილი იქნებოდა. მისი თქმით, საგუშაგოს გაუქმებისთანავე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ჩორჩანას დაიკავებენ.

„ამიტომ, ამ საკითხის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად წარმოჩენა ვერცერთ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს - ვერც საერთაშორისო სამართლებრივს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ