ხუთი ავსტრიელი ევროპარლამენტარი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ხუთი ავსტრიელი ევროპარლამენტარი ქართველი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადებას ხელს აწერენ ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ანა შტურგხი, რაინჰოლდ ლოპატკა, ლუკას მანდლი და ანდრეას შიდერი.
ევროპარლამენტარების თქმით, ბურჭულაძე, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანი და გაეროს კეთილი ნების ყოფილი ელჩია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს.
„პაატა ბურჭულაძე არა მხოლოდ გამორჩეული მომღერალი, არამედ პატრიოტი და დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანია, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჩასვა ივანიშვილის რეჟიმმა ის ციხეში და პოლიტპატიმრად აქცია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარების შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პუტინისა და ლუკაშენკოს მაგალითს მიჰყვება: საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება, ჟურნალისტებს სცემს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს.
ხელმომწერები ბურჭულაძესთან ერთად საქართველოში ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დევნა და საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ გზას დაუბრუნოს.
„ევროპარლამენტი კვლავაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიის დასაცავად განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.











