ყაველაშვილი სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში, სხალთის ეპარქიაში გამართულ საყოველთაო ნათლობას დაესწრო. მისი თქმით, ზემო აჭარა ზეიმითაა აღსავსე, რადგან ბევრმა ადამიანმა მიიღო ნათლობა და გახდა მართლმადიდებლური დედაეკლესიის ნაწილი.
ყაველაშვილის განცხადებით, ეს უდიდესი ზეიმია თითოეული ადამიანისთვის, ხარობს ერი და მთელი ქვეყანა. პრეზიდენტმა ზემო აჭარა ქრისტიანობის კარიბჭედ და განსაკუთრებულ მხარედ მოიხსენია და გაიხსენა, რომ სწორედ აქ იქადაგეს პირველად ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს აღნიშნავს და ეს თითოეული ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
პრეზიდენტმა ზემოაჭარლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დიდი განსაცდელის გავლის მიუხედავად, იდენტობა და სამშობლოსადმი სიყვარული შეინარჩუნეს. ყაველაშვილმა პატრიარქის სიტყვები გაიმეორა, რომ გზა, რომელიც მთელმა საქართველომ გაიარა, ზემოაჭარლებთან ერთად უნდა გაიაროს, ეს კი უფლისკენ მიმავალი გზაა.
„დავესესხებით ჩვენს უწმინდესს, რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით. ეს არის ჩვენი ისტორიის, მთელი არსებობის გამოცდილება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.











