პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით შეშფოთებულია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით შეშფოთებულია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიკიტა პოტურაევმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ თავიანთი უფლებები თავისუფლად განახორციელონ.

პოტურაევის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით.

პოტურაევი აღნიშნავს, რომ პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პარტიებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს. მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა და მისი გამართლება მხოლოდ ყველაზე მკაცრი პირობების არსებობისას არის შესაძლებელი.

ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკური უთანხმოებები დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით უნდა მოგვარდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვით.

პოტურაევმა შეახსენა, რომ 2026 წლის ივლისში მიღებულ ჰააგის დეკლარაციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე გამოხატა შეშფოთება მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო. დეკლარაციაში ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეეკავებინა პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან და დროულად და სრულფასოვნად შეესრულებინა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

მისივე თქმით, 2026 წლის მარტში ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დელეგაციამ დაკავებული დემონსტრანტების საკითხიც დააყენა და მოითხოვა მათი გათავისუფლება, ვინც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადა, როგორც ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი. ცოტა ხნის წინ კი ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუიშ გრასამ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემოკრატიული ოპოზიციის პატივისცემისა და ნამდვილი საარჩევნო ალტერნატივების შენარჩუნების მნიშვნელობას.

პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და სერიოზულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ის ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს სთხოვს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ძალადობასა და წამქეზებელ რიტორიკაზე. მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების კონკრეტულ საფუძველს იძლევა.

განცხადების ბოლოს პოტურაევი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. მისივე სიტყვებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს „ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ