პოლიტიკა

გეგელია: პარტიების აკრძალვა დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობაა

გრიგოლ გეგელია - ALDE ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდით არის - წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთელ მსოფლიოში ფასდება როგორც დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ALDE-ს კომუნიკაციების ასისტენტის, აოიფ დევერეს განცხადებას გამოხმაურა, რომელიც პარტიების აკრძალვის სარჩელს შეეხებოდა. გეგელიას თქმით, ALDE, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპული პოლიტიკური ოჯახი და ცივილიზებული თანამეგობრობა, ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდითაა.

მისივე თქმით, წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მიერ მთელ მსოფლიოში ფასდება, როგორც ავტოკრატიის, მეტიც, დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა და განზრახვა.

გეგელია აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის მცდელობას ALDE აფასებს, როგორც „რუსულ სპეცოპერაციას ქართული დემოკრატიის და საქართველოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ“.

„მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მსოფლიოში, არავინ არ დარჩა ვინც სხვაგვარად დაინახავდა „ოცნების რეჟიმს“. ერთადერთი შესაძლო წაკითხვა და ინტერპრეტაცია ამ ამბისა არის ის, რომ რუსული რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას, მილიონ ქართველს ართმევს არამარტო ხმას, არამედ არჩევანის უფლებას და ამ ქვეყანაში ოფიციალურად აწესებს, რუსული ყაიდის ავტოკრატიულ წუმპეს“, - განაცხადა გეგელიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაც შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, „ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“.

გეგელიას თქმით, ტერორისტის მოკავშირე არის ის რეჟიმი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ ჯგუფებთან, კერძოდ ჰეზბოლასთან და ჰამასთან ერთად ეწევა პოლიტიკურ ცხოვრებას.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი კადრი, არაერთი მომენტი, როდესაც ამ რეჟიმის პირველი პირები საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ჰეზბოლასთან და ჰამასთან იყვნენ საერთო ღონისძიებებზე, საერთო სივრცეებში და გვახსოვს, აშშ-ის და ევროპული კავშირის ღია მტრები იდგნენ მათ გვერდით ერთი და იგივე სივრცეში“, - თქვა გეგელიამ.

მისი თქმით, ტერორიზმთან მოკავშირეობაზე საუბრისას, ისევე როგორც საბოტაჟსა და კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაზე საუბრისას, ხელისუფლებას სარკეში ჩახედვა შეუძლია. გეგელიას განცხადებით, რასაც რეჟიმი დღეს ოპონენტებს აბრალებს, ყველაფერი მათივე ხელით ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო „ქართული ოცნება“ სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს.

ALDE-ს კონკრეტულ შემთხვევაზე გეგელიამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეები“ არასდროს ყოფილან ALDE-თან აფილირებული, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ALDE-ს ამ თვალსაზრისით რაიმე კონკრეტული დამოკიდებულება ჰქონდეს. მისი თქმით, ელისაშვილი არც ყოფილა, არც არის და არც აპირებს, იყოს „ლელოს“ ან ALDE-ს წევრი. გეგელიას თქმით, ეს პაპუაშვილმა ძალიან კარგად იცის და ის აგრძელებს ჩვეულ დემაგოგიას, რასაც ამ თემაზე მთელი ერთი წლის განმავლობაში ეწევა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ