პაპუაშვილი აჭარაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აჭარაში, სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო. მისი თქმით, წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი სრულდება, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის, ამიტომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს წელთაღრიცხვა სწორედ აჭარიდან დაიწყო, ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. მისივე თქმით, სამშობლოს სიყვარული და სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც ქართულ ქრისტიანულ ოჯახს კრავს.
„განსაკუთრებული დღე არის. განსაკუთრებული არის იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული დღეს სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მონათლულ ზრდასრულებს მიულოცა ეკლესიის წევრობა და, კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებზე დაყრდნობით, მათი ნაბიჯი რწმენის ნაბიჯად შეაფასა. ბავშვების მშობლებს კი მიმართა, რომ შვილებს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ კუთვნილებაც მიანიჭეს, ენა და სამშობლოს სიყვარული ასწავლეს, დღეს კი სარწმუნოებაც გაუზიარეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც უფრო მეტად არის ოჯახი ამ ღირებულებების გარშემო შეკრული, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო.











