სტუ-ში 160-ზე მეტი მეცნიერის მონაწილეობით ეკონომიკური განვითარების მოდელების კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები.
კონფერენცია გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მოწვეული სტუმრის სტატუსით ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, წმიდა სინოდის წევრი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის პროფესორი რომუალდას გინევიჩიუსი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის პროფესორი ილგარ მამადოვი, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვლადისლავას პეტრაშკევიჩიუსი და ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის პროფესორი სტანისლავ ბიელსკი.
თამარ წერეთლის თქმით, კონფერენციამ სხვადასხვა ქვეყნის 160-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი გააერთიანა და 72 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. მისივე განცხადებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია“.
უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუ-სა და მისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა და მკვლევრებმა.
კონფერენციაზე სამი სექცია მუშაობდა: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები და გლობალური გამოწვევებით განპირობებული ტრანსფორმაციები; ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები; ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები.
პლენარულ სესიებზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, საჯარო სექტორის საწარმოების პრივატიზაციის შედეგები საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ტრანსფორმაცია, შრომის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია და თანამედროვე სოციალური სახელმწიფოს ტრანსფორმაცია. ასევე განხილეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები, ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება და ბუნების ეკონომიკური ღირებულება.











