სააკაშვილი კახიანს: ივანიშვილი ჩემს დროს პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ხელფასს არ უხდიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, სიცრუეა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მის დროს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს ხელფასს უხდიდა.
კახიანმა განაცხადა, რომ „ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის“.
სააკაშვილი წერს, რომ ივანიშვილმა არათუ ხელფასები გადაიხადა, არამედ ერთ-ერთი შეხვედრისას უთხრა: „რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიან“. სააკაშვილი ამას „ტიპური რუსი ოლიგარქის ლოგიკას“ უწოდებს და ამბობს, რომ მაშინ ამაზე დაცინა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც ივანიშვილს ძალით ააშენებინეს, საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა იყო. ის შეუდარებლად პატარა იყო ბიუჯეტის ხარჯზე აშენებულ გორისა და სენაკის უზარმაზარ სამხედრო ნაწილებთან შედარებით და ივანიშვილი ამაზე სულ წუწუნებდა. სააკაშვილის მტკიცებით, დანარჩენზე, მათ შორის ხელფასებზე, ეკიპირებასა და შენობებზე, ივანიშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხარჯავდა ფულს, რომელიც ბიუჯეტში იმის გამო გაჩნდა, რომ „ერგნეთის შავი ხვრელი“ დაიხურა და მთავრობა აღარ იპარავდა. მისივე თქმით, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ არმიასა და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არ დაემატა.
„მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას ვინმე დაიჯერებს“, - წერს სააკაშვილი.











