კობახიძე: გაზის ტარიფზე გადაწყვეტილებას სემეკი იღებს, ეს მთავრობის პრეროგატივა არ არის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაზის ტარიფის გაზრდა მთავრობის პრეროგატივა არ არის და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) იღებს.
„[ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით] გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილებას ის იღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკს უფლება ენიჭება, მოხმარებული მოცულობის მიხედვით წყლისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს: წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი 2038 წლის 1-ელ იანვრამდე.
ამჟამად საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება. თითოეული მოხმარებული კუბური მეტრის ტარიფი მოხმარებული გაზის რაოდენობის მიხედვით არ იცვლება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს არ ცვლის და მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედი მექანიზმია. მისი მიზანია სოციალური რისკების შემცირება და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივი განხორციელება.
კანონის ინიციატორი დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.











