სახალხო დამცველი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესის ცვლილებას მიესალმება

სახალხო დამცველი მიესალმება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ ცვლილებებს. პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს შეიტანა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეიტანეს. 2026 წლის 30 აპრილს სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც სადავო იყო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, ამ მკურნალობის გამოყენებაზე სასამართლოს უფლებამოსილება და მკურნალობის ვადა.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მკურნალობის გაგრძელების საფუძვლების რეგულარული გადამოწმებისა და სასამართლო კონტროლის დამატებითი მექანიზმების დანერგვა ხელს შეუწყობს მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივების თავიდან აცილებასა და პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვას.
ცვლილება შევიდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე მაქსიმუმ 4 წლამდე ვადით ნიშნავს.
ახალი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ განიხილავს და იკვლევს, ისევ არსებობს თუ არა საფუძვლები, რომელთა გამოც იძულებითი მკურნალობა დაინიშნა. კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
მკურნალობის დანიშვნიდან 6 თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის. სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელთა გამოც პირს მკურნალობა შეეფარდა.
მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.











