სამოქალაქო ორგანიზაციები აზარტული ტურნირების კანონის გაუქმებას ითხოვენ

სამოქალაქო და პროფესიული ორგანიზაციები საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირთან დაკავშირებით მიღებული კანონის გაუქმებას ითხოვენ. განცხადება 28 ოქტომბერს გაავრცელეს.
პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით ასევე 28 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ ომბუდსმენი და საპატრიარქო.
ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობენ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. ცვლილებები საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობას ითვალისწინებს.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ტურნირების ორგანიზება ამ ღონისძიებების მასობრივ პოპულარიზაციას და მოსახლეობის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართვას ნიშნავს. მათივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა საქართველოში რეკორდულ ნიშნულს აღწევს (88 მილიარდ ლარზე მეტი) და მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვის მესამედზე მეტია.
ორგანიზაციების შეფასებით, ლუდომანია ქვეყანაში ეპიდემიად იქცა და ათასობით ოჯახის გაკოტრებას, სიღარიბის გაღრმავებას, ოჯახურ ძალადობას, ახალგაზრდა თაობის სოციალურ და ფსიქიკურ დეგრადაციას და უმძიმეს შემთხვევებში სუიციდს იწვევს. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ გემბლინგის სექტორი მსოფლიოში უკანონო ფინანსური ნაკადებისა და ფულის გათეთრების მაღალი რისკის სფეროდ მიიჩნევა, ლიბერალიზაცია კი საერთაშორისო სტანდარტებს (FATF, MONEYVAL) ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციები ითხოვენ, რომ კანონპროექტი დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს. მოითხოვენ ასევე არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრებას, მათ შორის ონლაინ სივრცეში უკანონო და უცხოური სათამაშო პლატფორმების დაბლოკვას, ანგარიშების უკანონო გადაცემის კონტროლს და მოთამაშის ყოველ ჯერზე ვერიფიკაციას.
კიდევ ერთი მოთხოვნაა ლუდომანიის პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროგრამის შემოღება, სადაც სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მიზნობრივი გადასახადები დამოკიდებული პირების უფასო რეაბილიტაციასა და სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდება.
განცხადებას ხელს აწერენ: „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი, საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაცია და „პედაგოგები ჯანსაღი მომავლისათვის“.











