საზოგადოება

ქალთა უფლებების ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას აპროტესტებენ

ქალთა უფლებების ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას აპროტესტებენ

ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას აპროტესტებენ. დეპარტამენტი 2026 წლის 22 ოქტომბერს, რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში, სადაც გენდერული თანასწორობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები თანმიმდევრულად უქმდება, სპეციალიზებული დეპარტამენტის გაუქმება მხოლოდ ადმინისტრაციულ ცვლილებად ვერ შეფასდება. „სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი და პრინციპული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, რეპრესიულმა კანონებმა კი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები შეზღუდა.

ხელმომწერების შეფასებით, გენდერული თანასწორობის საკითხების სხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება ვერ ჩაანაცვლებს სპეციალიზებულ ცოდნასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას. მათი აზრით, გადაწყვეტილება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს. „არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს“, – აცხადებენ ისინი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალურ განცხადებაში სიტყვა „გენდერი“ საერთოდ არ არის ნახსენები. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეპარტამენტის გაუქმება საფრთხეს უქმნის გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების გამოვლენასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს.

გადაწყვეტილებაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას ისინი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს აკისრებენ და აცხადებენ, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალური ადმინისტრაციული განმარტება საკმარისი არ არის. განცხადების ავტორები ოთხ მოთხოვნას აყენებენ.

„ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები საქართველოში ათწლეულების ბრძოლის შედეგად შეიქმნა. მათი გაუქმება მყისიერად მოხდა, აღდგენას კი კვლავ წლების ბრძოლა დასჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში. ავტორები აცხადებენ, რომ ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და არ აპირებენ, ჩუმად უყურონ ათწლეულების განმავლობაში მიღწეული შედეგების განადგურებას.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, ასოციაცია „ნდობა“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ