სიორიძე: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივად არის განადგურებული

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. ეს მან ჟურნალისტებს განუცხადა.
სიორიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი და მოტივია „დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით“.
მისი თქმით, ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა. მთელი კვირის განმავლობაში, მისივე შეფასებით, ისმენდნენ ამომწურავ არგუმენტებს როგორც იმის წინააღმდეგ, რაც სარჩელში შეიძლებოდა ყოფილიყო, ისე იმ სიცრუისა და მხილების შესახებ, რის გამოც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ მიზანი. სიორიძე აცხადებს, რომ სარჩელში სამართლებრივი არგუმენტები არ არის.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიზანია ისიც, რომ მისი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ის ანტიდასავლურს, ანტიქართულს, პრორუსულს და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას უწოდებს, კონსტიტუციური წესით გახდეს სავალდებულო.
სიორიძე ამბობს: „რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არც ერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს“.











