სიჭინავა საკონსტიტუციოს პლენუმს: ისტორია შეაფასებს ყველას, მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც

„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასკვნით სიტყვაში მოსამართლეებს სარჩელის დაუკმაყოფილებლობა სთხოვა. მისი თქმით, სარჩელი განსხვავებული აზრის, მათი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას ითხოვს.
სიჭინავას განცხადებით, ნებისმიერი დამკვირვებელი, რომელიც ამ სარჩელს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციის ბოროტად გამოყენებაა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად. მისი შეფასებით, სარჩელი სრულიად არარელევანტური, მოუმზადებელი და მტკიცებულებებზე არადაფუძნებულია.
სიჭინავამ პლენუმის წევრებს მიმართა: „ამიტომ ბატონო მოსამართლეებო, პლენუმის წევრებო ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია, ამას თქვენ თავადაც ასაბუთებთ, რადგან მსგავსი პრეცედენტი, მას შემდეგ რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, ასეთი საკითხი ზეპირი მოსმენით არ განხილულა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ისტორია შეაფასებს ყველას; მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც. მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მხარეს. გთხოვთ, ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვს განსხვავებული აზრის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას არ დააკმაყოფილოთ“.
სიჭინავას სიტყვას პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა. მან თქვა, რომ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მართებული იყო. ნადარაიას თქმით, ამით მხარის უფლებები არ დარღვეულა.
ნადარაიამ განაცხადა: „მინდა აღვნიშნო და ამას არ ვამბობ იმ მიმართებით, რომ ბატონი ბერდიას ახსნა - განმარტებიდან რას გაითვალისწინებს სასამართლო, ეს სხვა საკითხია არ ვიცი, მაგრამ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, იყო მართებული და მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამეთუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“.











