ლელა გოგინავას თანაავტორობით მიგრანტ ბავშვებზე საერთაშორისო სახელმძღვანელო „3S“ გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორისა და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა გოგინავას თანაავტორობით ახალი საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტი „3S - Seen, Safe, Supported“ გამოიცა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე თქმით, გოგინავა სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის ავტორიცაა.
„3S - Seen, Safe, Supported“ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოა. იგი განკუთვნილია ფსიქოსოციალურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სექტორებში მიგრანტ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის.
დოკუმენტი ევროპული ინიციატივის, TraFaDy (Transnational Family Dynamics in Europe) COST Action-ის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ლიდერების, ალექსანდარ ბოჟიჩისა და ანნე კაროლინა რამოსის, ასევე პროექტში ჩართული 12 მკვლევრისა და თანაავტორის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.
ნაშრომი განთავსებულია საერთაშორისო საცავში Zenodo, რომელსაც CERN-ი მართავს. მას ღია წვდომა აქვს, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ პროფესიონალს ან მკვლევარს შეუძლია უფასოდ მოიძიოს, გადმოწეროს და პრაქტიკაში გამოიყენოს.
უნივერსიტეტის შეფასებით, მსგავსი პუბლიკაციები და ევროპულ სამეცნიერო ქსელებში აკადემიური პერსონალის ჩართულობა მის კვლევით პოტენციალსა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით წარმატებულ საქმიანობას ადასტურებს.











