პოლიტიკა

სიჭინავა საკონსტიტუციოში: საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვის დაასანქცირებენ

ბერდია სიჭინავა - საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელს უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს სახელმწიფოს უტოლებს, სახელმწიფოს ზურგს ეფარება და კონკრეტული პირის დასანქცირებას სახელმწიფოს სანქცირებად წარმოაჩენს.

სიჭინავამ გამიჯვნის საკითხზეც ისაუბრა და იკითხა, სად იწყება გამიჯვნის ელემენტი და გამიჯვნა 2025 წლიდან მუშაობს თუ 2025 წლამდეც მუშაობდა. მისი შეკითხვით, მუშაობს თუ არა გამიჯვნა ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდისთვის გიორგი გახარიას ქმედებებთან მიმართებით ჩორჩანას ეპიზოდზე, თუ აქაც ორმაგი სტანდარტი არსებობს. სიჭინავამ თქვა, რომ თუ ვინმე ვინმეს უნდა გაემიჯნოს, მათ არავისგან გამიჯვნის მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება არ აქვთ.

მისივე განმარტებით, მის პარტიას დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა აქვს, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და არ აპირებს იმის მტკიცებას, არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციაში.

სანქციებთან დაკავშირებით სიჭინავამ განაცხადა: „საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არ დაასანქცირონ, ვინ არის დემოკრატიულ წესრიგთან წინააღმდეგობაში და ვინ არ არის! არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ. ეს ადამიანები სახელმწიფოს ზურგს ეფარებიან და იმის შესახებ საუბრობენ, რომ თითქოს ადამიანების სანქცირება, მათ შორის სანქცირება „მაგნიტსკის სიით“ თურმე სახელმწიფოს სანქცირებაა. საკუთარ პასუხისმგებლობაზე კი არ საუბრობენ, ეფარებიან სახელმწიფოს და ამბობენ, რომ თითქოს ეს სახელმწიფოსთვის რაღაცას გამოიწვევს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ