პოლიტიკა

ლემონჯავა საკონსტიტუციოში: „ქართული ოცნების“ სარჩელი რუსეთის დოქტრინის ჩანაწერებს იმეორებს

გიგა ლემონჯავა - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელშ

ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერები ზუსტად იგივეა, რაც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში იკითხება.

ლემონჯავას თქმით, თუ სასამართლო სარჩელის შეფასებას გაიზიარებს, მისი გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს შექმნის ინტერპრეტაციისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაშინდელი პოლიტიკა რუსეთის ოკუპაციის ხელშემწყობი ფაქტორია, რუსეთის ქმედებები კი საპასუხო რეაქცია. მისი განმარტებით, თუ სასამართლო სარჩელში მოყვანილ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მისცემს რუსულ ნარატივს შიდა სახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

ლემონჯავამ სარჩელის ორი საკვანძო თეზისი დაასახელა: 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების ხელოვნური აღდგენა და 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყება. მისი თქმით, ეს თეზისები სიტყვასიტყვით ემთხვევა რუსეთის დოქტრინას, მაშინ, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უკვე დაადგინა.

„ეს რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თვისობრივად ასუსტებს და მის მიერ შექმნილ ე.წ. „ახალ რეალობას“ საქართველოსვე სასამართლოს ავტორიტეტით ამყარებს“, - განაცხადა ლემონჯავამ.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ლემონჯავას განცხადებას რეაგირება მოუხდინა: „ის დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? რუსეთის დოქტრინა დაეყრდნო ჩვენს სარჩელს? ასე თქვა!“

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ლემონჯავას სიტყვის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევდა და მის განცხადებებს არაეთიკური უწოდა. „ძალიან არაეთიკურად დაიწყეთ, როგორ შეიძლება სარჩელი უცხო სახელმწიფოს დოქტრინებს და შეფასებებს [დაეყრდნოს]. ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, პოლიტიკოსი ხართ და სადაც გინდათ იქ გააკეთეთ“, - თქვა ნადარაიამ და დასძინა, რომ ასეთი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის რელევანტური არ არის.

ლემონჯავამ საპასუხოდ შეახსენა სასამართლოს, რომ ის მშრალ სამართლებრივ გადაწყვეტილებას კი არა, სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებს, რომელზეც სახელმწიფოს ბედია დამოკიდებული. ნადარაიამ მას უპასუხა: „არ არის დემაგოგია საჭირო! სარჩელში მოყვანილი გარემოებებით, ფაქტებით რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 23-ე მუხლს, ამას ვიხილავთ ჩვენ!“

ლემონჯავამ აღნიშნა, რომ მხედველობიდან არ უნდა გამოეტოვებინათ კონსტიტუციის 78-ე მუხლიც, რადგან „ქართული ოცნების“ სარჩელში მოყვანილი შინაარსისთვის იურიდიული ძალის მინიჭება საბოლოო ჯამში ამ მუხლს ეწინააღმდეგება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ