ნინო აბრამიშვილი ფეიქრიშვილის ცემის საქმეში ჯგუფური ძალადობის მუხლს და ფირცხალავას პასუხისგებას ითხოვს

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა, ნინო აბრამიშვილი ითხოვს, რომ მისი შვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. მისივე თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ციხის უფროსი რამაზ ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე. ეს მან ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.
აბრამიშვილის თქმით, ის ხელისუფლებას მიმართავს, უპასუხონ მის კითხვას, ვინ სცემა მისი შვილი. „ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას 143-ე მუხლით, ეს არის ჯგუფური ძალადობა. ეს მოძალადეები ყველა უნდა იყვნენ დაჭერილები“, - განაცხადა მან.
აბრამიშვილმა თქვა, რომ დღემდე თავის ადგილზე რჩება ციხის უფროსი, მაშინ როცა, მისი თქმით, კანონით ასეთ დროს პირველ რიგში ციხის უფროსს ხსნიან. მისი განცხადებით, თვითონ ციხის უფროსი იღებს მონაწილეობას ცემაში.
ნინო აბრამიშვილის თქმით, მისი შვილების წინააღმდეგ „სპექტაკლი დაიდგა“. მისი მტკიცებით, „ეს წამება და სპექტაკლის დადგმა დაიწყო 22 სექტემბერს“, ხოლო 23 სექტემბერს სუს-ის რომელიღაც თანამშრომელმა ორგანოებში დარეკა და მისი შვილების დაკავება უბრძანა. მისივე თქმით, შემდეგ მოხდა მუხლის დამძიმება და ვატო ყიფიანის გამოჩენა.
აბრამიშვილი ამბობს, რომ სამაგალითო დასჯას ითხოვს არა იმიტომ, რომ დაზარალებულები მისი შვილები არიან, არამედ იმიტომ, რომ დაცული უნდა იყოს ყველა დედა და პატიმარი. მისი თქმით, ის მთავრობას იმიტომ გააცილეს, რომ ციხეებში ასეთი რამ ჩაიდინა.
გამოკითხვაზე გენერალურ პროკურატურაში ნინო აბრამიშვილი მის ყოფილ რძალთან, ანო ანანიაშვილთან ერთად დაიბარეს. ამ დროისთვის გამომძიებლების კითხვებს ანო ანანიაშვილი პასუხობს.











