ბუტიკაშვილი: პარტიების აკრძალვით საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად არსებობას დაასრულებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განაჩენით პარტიებს აკრძალავს, საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად არსებობას დაასრულებს. მან ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესებზე საუბრისას.
ბუტიკაშვილის თქმით, ქვეყანა ავტოკრატიაში გადადის, სადაც პროდასავლურ პარტიებს აუქმებენ და მათ ადგილს პრორუსული პარტიები დაიკავებენ. მისი შეფასებით, ეს რუსული მმართველობის ეტაპზე გადასვლაა.
მისივე სიტყვებით, „გავდივართ ისტორიულ მოვლენას, როდესაც ქვეყანას ბრალდება, მათ შორის, 2008 წლის ომის დაწყება და ჩვენ უნდა დავდოთ ისტორიულად სწორი ვერსია ის, რაც სინამდვილეში მოხდა“.
ბუტიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მიდგომის გათვალისწინებით, თუ როგორ შეირჩნენ მოსამართლეები, ჩანს, რომ პარტიების აკრძალვა მოხდება. მისი თქმით, „შეიძლება დავიტოვოთ იმედი 1%-იანი, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ეყოფა სახელმწიფოებრივი და ადამიანური ღირსება და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩებში გამოვიდნენ: „ქუჩები ხალხით უნდა გაივსოს! გაფიცვები და რაც ხელთ აქვთ ადამიანებს, იმ მომენტში ის უნდა გააკეთონ, რომ აქ რუსული ტიპის რეჟიმი არ დამყარდეს“. ბუტიკაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ პარტიებს არ ეხება და ადამიანებს ივანიშვილსა და შაქარაშვილს შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებენ.
მისი მოსაზრებით, პარტიების აკრძალვის პროცესი ავტოკრატიის კონსოლიდაციაა. დასავლეთის მყისიერი რეაქცია იქნება ის, რომ ქვეყანა დემოკრატიული აღარ არის და ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზონაში გადავიდა, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.
ბუტიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ჯგუფი, იქნება ეს პარტია, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ ჰორიზონტალურ ხაზზეა. ამავე ხაზზეა, მისი თქმით, ხალხიც, რომელსაც წაართვეს არჩევანი და ევროპული მომავალი, გაუძვირეს პროდუქტი და ბენზინი, ახლა კი გაზის, წყლისა და დენის გაძვირებას აანონსებენ.











