ართქმელაძე: პარტიების აკრძალვა 35 წლის განმავლობაში აშენებულს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ბოლო 35 წლის განმავლობაში წვალებით აშენებულს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს. მისი თქმით, ეს ქართული დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანი იქნება.
ართქმელაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ის იყოს.
„ეს არის მომზადება იმისა, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიებისგან მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი და შემდეგ ნებისმიერ აქტიურ პიროვნებას აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე აუკრძალეს საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემდეგი ჯერია პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებზე, რომ მათ აღარ ჰქონდეთ საშუალება, ამ სფეროში იყვნენ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ამ პროცესის გაგრძელება“, - განაცხადა ართქმელაძემ.
მისივე სიტყვით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რომ ქვეყანაში სულ მცირე მილიონამდე ადამიანია, რომელიც თავის თავისუფლებას არ დათმობს და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.











