პოლიტიკა

გოცირიძე: აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება გაზის ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას არ იძლევა

რომან გოცირიძე - გვატყუებდა ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო - ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებდა, თითქოს აზერბაიჯანთან კარგი შეთანხმება გააფორმა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება იმ ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც დღემდე მოქმედებდა. გოცირიძემ ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტში განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები დიდ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ გაზის ტარიფი ყველასთვის გაიზრდება.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ამბობდა, რომ აზერბაიჯანთან კარგი კონტრაქტი გაფორმდა და სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებოდა. პოლიტიკოსის მტკიცებით, ტარიფი გაიზრდება, რადგან წელს მთავრდება შეღავათი, როცა შაჰდენიზის გაზს 70 დოლარად იძენდნენ. მისივე თქმით, წლის ბოლოს ეს შეღავათი იწურება და საქართველო აზერბაიჯანულ გაზზე გადადის, რადგან ამ ფორმის კონტრაქტი არ გაუგრძელებიათ.

გოცირიძემ დასძინა, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი გადაეცათ და ახლა აზერბაიჯანს ევროპაში გააქვს გაზი. მისი თქმით, საქართველო რუსეთისა და აზერბაიჯანის ორ მილსადენზე დარჩა.

„დამატებით გაზს იმავე ფასად მივიღებთ თუ გაორმაგებულად, არავინ არ იცის“, - განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის მოწოდების კონტრაქტი დღემდე არ არის გაფორმებული. გაზის მოცულობა ცნობილია, თუმცა ფასი დღეს არავინ იცის.

გოცირიძის განმარტებით, ტარიფი ყველასთვის გაიზრდება, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის ნაკლებად. „რა შვება უნდა იგრძნოს ადამიანმა იმაში, რომ მე გამეზარდა 10%-ით, ხოლო მეორეს გაეზარდა 20%-ით. ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება“, - განაცხადა მან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ