პოლიტიკა

ყიფიანი: სარჩელით ხელისუფლებამ აკრძალვის მოთხოვნით მითითებული პარტიების რეიტინგი გააცოცხლა

ვიქტორ ყიფიანი - ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი

პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება სურდა, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, რადგან ამ პარტიების რეიტინგი გააცოცხლა. ეს მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ სარჩელს ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ განიხილავენ.

ყიფიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირად ისმის შეფასება სარჩელში მითითებული პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, „თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა“.

მისი განცხადებით: „ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის განგრძობადი მოქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომლის ამოცანაა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დასრულება. ამ ხელისუფლების მხრიდან ამ მიდგომის მოწმე სხვადასხვა ფორმით გავხდით, გამორჩეულად 2020 წლიდან, როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, დაწყებული აზრის გამოხატვით, პარტიათა ფუნქციონირებით, მათი დაფინანსებით და ა.შ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ პოლიტიკა ქვეყანაში დასრულდეს. სამართალწარმოება, რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის მრავალწლიანი მცდელობების გაგრძელება და სხვა არაფერი“.

ყიფიანმა ისიც თქვა: „პროტესტი არსად არ წავა, ვერსად ვერ გაქრება და თუ უკმაყოფილებამ არ პოვა გამოხატვის ცივილური ფორმები, ის აუცილებლად მოძებნის გამოვლინების სხვა ფორმებს. ამ მიდგომით „ქართული ოცნება“ იმაზე უფრო რადიკალურია, ვიდრე ის პარტიები, ვის რადიკალურობასაც ცდილობს, რომ დაასაბუთოს ამ სარჩელის მეშვეობით“.

მისივე შეფასებით, ეს მიდგომა არასახელმწიფოებრივია. ყიფიანი აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ხელისუფლებამ „უფრო პოპულარული გახადა მათი იმიჯი. გააცოცხლა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ამ პარტიების სახით, მათ მიანიჭა პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური რეგენერირების საშუალება“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ