საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების საქმეზე სხდომას ხვალ 11:00 საათზე განაახლებს

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება.
სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება. ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. სასამართლოს დღის წესრიგში ხუთი გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.











