კობახიძე კვაშნევსკის შეხვდა: ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიით 14 000 პაციენტი სარგებლობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკის შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობას, მათ შორის პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაცვლას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განსახორციელებლად: პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდების შეზღუდვა. ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას ნახსენები იყო ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო დაფინანსება, რომლითაც დაახლოებით 14 000 პაციენტი სარგებლობს.
საუბარი ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგებსაც შეეხო. 2026 წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 7 438 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1 409 პირია დაკავებული.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.











