ლემონჯავა საკონსტიტუციოში: არჩევნების არაღიარება არ არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განიხილავენ, განმარტა, რატომ არ შეიძლება არჩევნების შედეგების არაღიარება, მმართველი ძალის არალეგიტიმურად გამოცხადება, ახალი არჩევნების მოთხოვნა და საპარლამენტო ბოიკოტი კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მიმართულ საქმიანობად შეფასდეს.
მისი თქმით, ეს ოთხი განსხვავებული საკითხია და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას არ უნდა გაუთანაბრდეს. ლემონჯავამ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა. მისი განმარტებით, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი მხოლოდ მეოთხე კატეგორიას, ძალადობრივ დამხობას ეხება, პირველი სამი კი დაცული პოლიტიკური საქმიანობაა.
ლემონჯავას თქმით, ახალი არჩევნების მოთხოვნა არსებული წყობილების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნაა. მან ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონიერი საშუალებების პირობაც, მისი თქმით, შესრულებულია: ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო შედეგი ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციაში, შემდეგ საერთო სასამართლოებში გაასაჩივრეს, პრეზიდენტმა და ოპოზიციის 30-მა დეპუტატმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო. ლემონჯავას შეფასებით, მოსარჩელე ერთდროულად ვერ იტყვის, რომ ოპოზიციამ სამართლებრივ გზას გვერდი აუარა და რომ ამ გზაზე მას უარი ეთქვა.
მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით მან კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მოიშველია, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება, თუ იგი პირადი განცხადებით უარს იტყვის უფლებამოსილებაზე. ლემონჯავას განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გამოყენება კონსტიტუციური წყობილების დამხობა ვერ იქნება. მან აღნიშნა, რომ 2025 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა მოპასუხე პარტიების 49 დეპუტატის განცხადება დააკმაყოფილა და მათ მანდატები შეუწყვიტა, 2 ივლისს კი განცხადების გარეშე „გახარია საქართველოსთვის“ 12 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტა. მისი შეკითხვაა, თუ მანდატზე უარი ანტიკონსტიტუციური მიზნის გამოვლინებაა, პარლამენტმა ამ მიზნის რეალიზაცია 39-ე მუხლით რატომ გააფორმა.
ბოიკოტზე ლემონჯავამ ვენეციის კომისიის პოზიცია მოიყვანა: ორგანიზებული და ხანგრძლივი ბოიკოტი არ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს პოლიტიკური ქცევის ლეგიტიმურ ფორმად და დასაშვებია იშვიათ და უკიდურეს ვითარებაში, როცა პარლამენტის ლეგიტიმურობა უმრავლესობის ქმედების გამო დგას ეჭვქვეშ. მისი თქმით, ბოიკოტის გამო პარტიის აკრძალვის მცდელობა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით აკრძალული გზით მოქმედებს და უმცირესობისთვის უმრავლესობად გახდომის შეუძლებელ ან ძალიან რთულ გახდომას ცდილობს.
ძალადობრივ დამხობაზე ლემონჯავამ თქვა, რომ ძალადობის ან მისკენ მოწოდების ნებისმიერი მტკიცება ცალკე ფაქტი უნდა იყოს, დადასტურებული პირველწყაროებით და პარტიის სტატუტურ ორგანოებზე მიკუთვნებულობით და არა არაღიარებიდან გამომდინარე. მისი თქმით, სარჩელის მთავარი ხარვეზი ისაა, რომ პირველ, მეორე და მესამე კატეგორიას მეოთხეში „ლეგიტიმურობის“ საშუალებით გადაჰყავს.
ლემონჯავამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება და სახელმწიფო გამიჯნული უნდა იყოს. კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია. კონკრეტული მთავრობის მანდატის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის სადავოდ ქცევა, მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის ან კონსტიტუციური წყობილების უარყოფა არ არის. ხელისუფლების კრიტიკა, მისი შეცვლისა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა დემოკრატიული პროცესის არსებითი ნაწილია. ვენეციის კომისია ამას „პოლიტიკური ცვლილების არხების ღიად დატოვებას“ უწოდებს.
მისი განცხადებით, არჩევნების შედეგების სამართლებრივი ძალა არცერთი პარტიის აღიარებაზე არ არის დამოკიდებული: შედეგებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმი და პარლამენტის მიერ წევრთა უფლებამოსილების ცნობა ადგენს. კონსტიტუცია და კანონმდებლობა არავის აკისრებს ვალდებულებას, არჩევნების შედეგები აღიაროს, ამიტომ არაღიარება არც სამართლებრივ ვალდებულებას არღვევს და არც სამართლებრივ შედეგს იწვევს. ლემონჯავამ დასძინა, რომ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ქმედებებს აღწერს, არაღიარება კი მოქმედება კი არა, შეფასებაა.
ლემონჯავამ ისიც თქვა, რომ პარლამენტი ორი წელია ფუნქციონირებს, კანონებს იღებს, თანამდებობის პირებს ირჩევს და თავად სარჩელიც ამ პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი. მისი შეკითხვით, თუ არაღიარება კონსტიტუციური წყობილების დამხობაა, მოსარჩელე ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით როგორ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წაკითხვით, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ნებისმიერ პარტიას დაემუქრებოდა, რომელიც არჩევნების შედეგებს სადავოდ გახდის, ეს კი აბსურდამდე მიდის და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ პარტიათა თანასწორობის პრინციპს.
ევროპულ კურსთან დაკავშირებით მან კონსტიტუციის 78-ე მუხლი გაიხსენა, რომლის მიხედვით, კონსტიტუციური ორგანოები ვალდებულნი არიან, უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ლემონჯავას თქმით, ოპოზიციის შეფასება, რომ მმართველმა ძალამ ამ კურსიდან გადაუხვია, და მისი მოწოდებები ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი სახელმწიფოებისადმი 78-ე მუხლის აღსრულების მოთხოვნაა. საერთაშორისო პარტნიორებისთვის საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების მოთხოვნა გამოხატვის თავისუფლებით დაცული პოლიტიკური განცხადებაა, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება კი ადრესატების კომპეტენციაა. პერსონალური სანქციების მოთხოვნა ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაშიც არის, ამიტომ პარტიის აკრძალვა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ევროპარლამენტის პოზიციას იზიარებს, დაუშვებელია.
ლემონჯავამ ე.წ. „არგამიჯვნის“ თეორიაზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზეც სარჩელი ერთი პარტიის განცხადებებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობას სხვა პარტიებსაც აკისრებს. მისი თქმით, ევროპული სტანდარტებით, პარტიის აკრძალვა, თუ ის მხოლოდ ცალკეული წევრების ინდივიდუალურ ქმედებებს ეფუძნება და პარტიისთვის მათი მიკუთვნების სათანადო საფუძველი არ არსებობს, გაერთიანების თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ამიტომ ერთი პარტიის განცხადებების ან ცალკეული პირების ქმედებების სხვა პარტიებისთვის ავტომატურად მიწერა და ამ საფუძვლით მათი აკრძალვის მოთხოვნა დაუშვებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელს უკვე მე-5 დღეა განიხილავენ. პროცესი ახსნა-განმარტების ეტაპზეა, რასაც კითხვა-პასუხის ეტაპი მოჰყვება. სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ითხოვს ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ აკრძალვას და რეგისტრაციის გაუქმებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სარჩელი მიემართება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველო-ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტებს“.











