მსოფლიო

მადრიდში მატარებლების შეჯახების შემდეგ მთავრობის გადადგომას ითხოვენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარკინიგზო ავარია კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის შემდეგ დაშვებულმა ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მატარებლების შეჯახებით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის ინფორმაციით, ღამით მომიტინგეებს, ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ტრანსპორტის სამინისტროსთან დაახლოებით 500 დემონსტრანტი შეიკრიბა. ზოგიერთი მათგანი პოლიციას ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდა, პოლიციამ კი შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სურათის გვერდით ეჭირათ პლაკატები წარწერით „წადი!“, ზოგს კი — „კრიმინალები“ და „კორუფცია კლავს“.

ესპანეთის პროფკავშირი CSIF ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს გადადგომას ითხოვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინისტრმა განაცხადა, რომ ავარია მატარებლის მოძრაობის მართვის დისპეტჩერის მიერ გაცემულმა „აუხსნელმა“ მცდარმა ბრძანებამ გამოიწვია.

პუენტეს განმარტებით, კომპიუტერულმა სისტემურმა გაუმართაობამ მადრიდსა და სევილიას შორის სარკინიგზო ხაზის 63-კილომეტრიან მონაკვეთზე უსაფრთხოების სისტემის მუშაობა შეაფერხა და ამ მონაკვეთზე ყველა მატარებელი ავტომატურად გაჩერდა. ამის შემდეგ რკინიგზის მართვის სახელმწიფო კომპანია Adif-მა სისტემა ხელით რეჟიმზე გადაიყვანა და Renfe-ს ჩქაროსნულ მატარებელს წითელი სიგნალის მიუხედავად სევილიისკენ გაგრძელების ნება დართო. მოგვიანებით ეს მატარებელი გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს შეეჯახა.

ავარიას სულ მცირე 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა ოთხშაბათს დილით მოხდა, როდესაც მადრიდიდან სევილიისკენ მიმავალი მატარებელი რელსებზე გაჩერებულ სხვა მატარებელს შეეჯახა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ