პოლიტიკა

გორდულაძე: სარჩელში მითითებული პარტიები 2019-2025 წლებში ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობით შეცვლას

არჩილ გორდულაძე - სარჩელში მითითებული პარტიები 6-ჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამას ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან - ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გვარამიას პარტიისა და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული მტკიცებები ტყუილია. მისი თქმით, ამ მტკიცებებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე სურთ საზოგადოების ყურადღების გამახვილება.

გორდულაძემ უარყო განცხადება, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად დაკომპლექტდა. მისი თქმით, კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტდა.

მან ასევე ტყუილად მიიჩნია მტკიცება, თითქოს სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. გორდულაძის განმარტებით, სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებსა და 100-ზე მეტ წყაროზეა დაყრდნობილი დასაბუთება, რომ მასში მითითებული პარტიები წლების განმავლობაში ერთ მთლიან ორგანიზმად მოქმედებენ და მათი მიზანი იყო საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

გორდულაძის თქმით, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებულ არაკონსტიტუციურ ქმედებებზე დაყრდნობით განსაზღვრა და არა მხოლოდ იმის მიხედვით, აქვთ თუ არა საარჩევნო ბარიერის გადალახვის პოტენციალი. მისივე განმარტებით, ეს ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმის დასადგენად, რამდენად რეალურია ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე.

გორდულაძემ უარყო მტკიცება, რომ არცერთი პარტია არ ქმნის მყისიერ საფრთხეს. მისი თქმით, ყველა პარტია, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ, ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად მყისიერ საფრთხეს ქმნის. მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს. გორდულაძის თქმით, სხვა პარტიები ამ პარტიას არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ მასთან კოალიციაშიც შედიან.

გორდულაძემ ტყუილად დაასახელა ისიც, რომ მოპასუხე პარტიები ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას ითხოვდნენ. მისი თქმით, სარჩელში მითითებული პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს დღესაც არ ემიჯნებიან.

მისივე განცხადებით, ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ითხოვენ. გორდულაძემ თქვა, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, 2003-2012 წლებში წამების სისტემური რეჟიმი შექმნეს, ამ პარტიას არ ემიჯნებიან და მასთან თანამშრომლობენ, ასევე ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ