სამართალი

ნია იმნაძის დედა პროკურორ სონიძეს: „არ გრცხვენია თუ რაზეც გაქვს ხელი მოწერილი?“

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა პროკურორს სიტყვიერად დაუპირისპირდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის დედა პროკურორ ქეთევან სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა, როდესაც პროკურორი ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა.

სონიძე მედიას ეუბნებოდა, რომ ნია იმნაძე რომ ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, მის მშობელს ამაზე რეაგირება ექნებოდა. „თამარ ნავროზაშვილმა, რომელსაც რომ ჰქონოდა მსგავსი რეალური შიშის საფუძველი და ბავშვი ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ბუნებრივია ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა“, - განაცხადა ქეთი სონიძემ.

ამის შემდეგ პროკურორთან ნია იმნაძის დედა მივიდა. „გულწრფელად მითხარი, როგორც დედამ დედას, არ გრცხვენია თუ რაზეც გაქვს ხელი მოწერილი? ღმერთი მაღლიდან იყურება, ცხოვრება ბუმერანგია და არავინ არ იცის ვის რა დაუბრუნდება. ნია შენზე ლოცულობს, რომ ღმერთმა მოგიტევოს, კარგად იცი რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი“, - მიმართა მან პროკურორს.

ქეთევან სონიძის შეფასებით, ბრალდებული არასრულწლოვნის მშობელი მასთან ახლოს იდგა, რომ მას უხერხულად ეგრძნო თავი და დისკომფორტი შეჰქმნოდა.

მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს, 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს და 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბერუაშვილს ბრალი 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაა და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას, უთხრა, თითქოს მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. ამით მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმით, გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი, გაბაშვილი, რიკაძე, ნასყიდაშვილი და ჩიქოვანი, მსჯავრდებულია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ